თეგი: ევროკომისიის დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევენ რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ევროპული საბჭო როგორც კი დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული

ევროკავშირის ელჩის პირველი შეფასება ევროკომისიის დასკვნაზე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა.  მისი თქმით, დღეს ევროკომისიამ მიიღო და გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს მიერ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის შესახებ. კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი საქართველოსთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის. „მინდა, ვისაუბრო ამ მოსაზრების შინაარსზე. ის ეფუძნება საქართველოში ვითარების საფუძვლიან შეფასებას, ევროკავშირის გაფართოების დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კერძოდ, ე.წ. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისა. პირველი გამომდინარეობს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებიდან იმ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მათ შორის იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ეხება ქვეყნის მზადყოფნას, გაუძლოს ბაზრის ზეწოლას იმის შედეგად, რომ იგი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილს წარმოადგენს. ამ შეფასების შედეგად, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. მისი თქმოთ კომისარმა ვარჰეიმ ასევე ილაპარაკა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს. „ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“, - აღნიშნა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, შედეგების მიხედვით საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად, მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ევროკავშირს არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან ჰქონია ისეთი მძაფრი კომუნიკაცია, როგორც - საქართველოს მთავრობასთან. ექსპერტის შეფასებით კი, მთავარი, რითაც იხელმძღვანელა კომისიამ პოლიტიკური კრიტერიუმია - კერძოდ, ჩამორჩენა დემოკრატიული განვითარების გზაზე. Europetime-თან საუბარში კახა გოგოლაშვილი ფუნდამენტურ საკითხზე მიუთითებს, რის გამოც ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ვერ გასცემდა. „ისინი კმაყოფილები იყვნენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობით, მათ მიერ მიღწეული პროგრესით, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემდნენ საქართველოს და ეს არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მისი დაძლევა შესთავაზა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანას, მაგრამ დოკუმენტი გააუქმა მმართველმა ძალამ, თუმცა ოპოზიციამაც (ყოველ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“), ითამაშა ნეგატიური როლი, როდესაც ხელს არ აწერდა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებს და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ, რადგან ყოველთვის არის დესტაბილიზაციისა და რეგრესის საშიშროება. ასევე - დემოკრატიის გაუარესების. შეიძლება - სამოქალაქო ომისაც. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი არ შეინიშნებოდა“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება პირობების შესრულების საკითხს, რა შეიძლება იქცეს გამოწვევად ქვეყნისთვის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება იქცა უკვე გამოწვევად: რომ პარლამენტში უმდა მომხდარიყო ძალაუფლების გაყოფა; სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარებულიყო; საუბარი იყო იმაზე, რომ არ დაენიშნათ მოსამართლეები, ვიდრე კანონს არ შეცვლიდნენ, თუმცა მთავრობამ ეს შეთანხმება „დახია“ და უზენაესშიც დანიშნა მოსამართლეები“. „სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შესაძლო, დასჭირდეთ ქმედითი ღონისძიების გატარება. იმისთვის, რომ მედიასივრცეში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რადიკალური ჯგუფების ალაგმვა უნდა მოხდეს“. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად დასკვნის სახით, საბოლოო ჯამში, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა ევროკომისიის მხრიდან, რადგან არც მოლდოვას და არ უკრაინას ჰქონიათ ასეთი მძაფრი და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან. „ნდობა ვეღარ დაიმსახურა საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისი აქვს. ვიცით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ევროკავშირი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და არ ედავება მას; ატარებს რეფორმებს, რომლებსაც ისინი თვლიან სწორად. ამაში ჩვენ ჩამოვრჩებოდით მოლდოვასაც და უკრაინასაც. მათი დიპლომატია უფრო ეფექტიანი და ბევრად უფრო დადებითი მუხტის შემცველი“. „ჩვენ რაც მოგვცეს, ისიც ბევრია. ევროპული პერსპექტივის მიღებაზე ვომობდით ბოლო წლებში და არ გვაძლევდნენ და ახლა გაგვიხსნეს პერსპექტივა ასე მარტივად. მოგვცეს საშუალება, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი უკვე პირობების შესრულების გზით. ამაზე საერთოდ არ იყო ადრე საუბარი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და მოსალოცად გვაქვს საქმე, თუმცა უკმაყოფილო უნდა ვიყოთ ჩვენი მთავრობის მუშაობით, რომ ასეთი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენეს“, - თვლის ექსპერტი.  აქვე, კახა გოგოლაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, შეიცვლება თუ არა რიტორიკა მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. „რიტორიკა იყო ამპარტავნული და შეურიგებელი, კრიტიკის მიმართ და მგონია, რომ ვინმემ უნდა აუხსნას მათ, რომ მთავარია, კრიტიკაზე არ იყოს მწვავე რეაგირება, არამედ, იყოს დაფიქრება და შეიძლება, იყოს დიალოგი და არა ტრიბუნიდან მოსახლეობის გასაგონად საუბარი - რა სულელები არიან ევროპარლამენტარები, თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ჩვენ იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.   ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა ჩადებულია იმ რეკომენდაციებში, რომლითაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მკაფიო დასტურია, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. ასევე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი მმართველობა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის აღქმა განსხვავებულია და ეს უნდა გავიაზროთ - გიორგი გობრონიძე

ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა განსხვავებულია   ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ მიმართ სოლიდარობა უფრო მეტია და ეს კაპიტალი უნდა გამოვიყენოთ   Europetime-თან ინტერვიუში, საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე განიხილავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა. რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმ დროს, როდესაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის საკითხს შავი ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში განიხილავს? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამოვიდა და არა გეოგრაფიული. სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა ერთმანეთისგან. „გეოპოლიტიკა გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც ტარდება გარკვეულ გეოგრაფიულ არენაზე, როდესაც შეგიძლია თქვა - აქ არის სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა, იქ - სხვა. რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიული რეფორმები, როგორც კრიტერიუმი საქართველოსთვის, დღის წესრიგშია. გავიხსენოთ, ჯერ იყო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ამის შემდეგ, ევროკომისიის დასკვნაში ამ რეზოლუციის რეფლექსიას ვხედავთ და პრაქტიკულად, ეს რეზოლუცია ევროკომისიის დოკუმენტში აირეკლა. ამ ყველაფერს, საფრანგეთის დასაბუთებაში დაემატა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რა თქმა უნდა, მიზეზების ძებნაც იქნება, მოდით, ასე შევხედოთ - იგივე საფრანგეთი თუ გერმანია, სამხრეთ კავკასიის არეალს მათი ბუნებრივი ინტერესების კონტექსტში არ განიხილავს. შესაბამისად,  რა არის აქ  მთავარი გამოწვევა - უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენ მიმართ ევროპისეული აღქმა და მეორე, როგორია, ევროპისეული აღქმის მიღმა ის პრობლემები, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, რადგან ჩვენ სამწუხაროდ, გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე იგივე მოლდოვას, რომ გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. თუნდაც, გავითვალისწინოთ მოცემულობა, რომ პრაქტიკულად, დღის წესრიგიდან არ გამქრალა რუმინეთთან მოლდოვის ინტეგრაციის საკითხი და შესაბამისად, ჩვენ, თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობაში ვართ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მოცემულობას მოერგება, რომელშიც ახლა ვართ“, - მიიჩნევს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის აზრით, უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა მცირედით განსხვავებულია. „ისინი ჩვენ არც განგვიხილავენ „როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ევროპად“ და მეორე - საუბარი იყო მაკრონის მხრიდან, არა გეოგრაფიულ მოცემულობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირში, არამედ, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც იმავდროულად, ერთობლივ ჭრილში სომხეთთან და აზერბაიჯანთან განიხილება. გარკვეულწილად,  საუბარია, რომ დიახ, არის სამი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ვექტორები, შესაბამისად, ეს ქმნის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მაგალითად, დღეს არ არიან უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა არის პირდაპირი რუსული აგრესიის მსხვერპლი და მოლდოვის მიმართ რისკებს ევროკავშირი უფრო  მეტად აფასებს, ვიდრე - საქართველოსთან დაკავშირებულს. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ქვეყნები არიან უსაფრთხოების ერთი დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ ვართ მეტწილად, განსხვავებული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული დათმობებია ევროკომისიის რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ჩვენ შემოგვთავაზეს განსხვავებული პირობები - ვიდრე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა დავაკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ - ჩამოგვითვალეს, რა პრობლემებიც გვაქვს. უკრაინას აპატიებენ მის პრობლემას, რადგან იქ 200 000 რუსი სამხედროა შეჭრილი, შეიძლება, ინსტიტუციურად წინ ვიყოთ უკრაინაზე, მაგრამ უკრაინა დღეს ომის მსხვერპლია და არ შეიძლება, დღეს მათ შევედაროთ. უკრინას ევროკავშირი სხვა დონეზე უჭერს მხარს, უკრაინა არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო. ევროპა არ არის ჩვენ მიმართ იმდაგვარად მგრძნობიარე, როგორც უკრაინის და მოლდოვის მიმართ, რადგან ერთი სივრცეა, ერთი რეგიონი, მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენ ვართ რეგიონულად დაშორებული და წარმოვადგენთ სხვა მოცემულობას. ჩვენ არ ვართ ფრონტისპირა რეგიონი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიამ დღის წესრიგიდან გარკვეულწიდან მოხსნა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ და დღეს, ყოველდღიურ რეჟიმში აპარტეიდის რეჟიმში მუშაობენ ქართველები ოკუპირებულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იცვლება აღქმები“, - თვლის გიორგი გობრონიძე. აისახება თუ არა საფრანგეთისეული ხედვა მთლიანად ევროპაზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ, კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე კი, ეს აღქმა გავრცელდება. „მთლიანად ევროპაზე არა, თუმცა კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე აისახება ეს აღქმა. ასეთია აღქმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში  - კიდევ შეიძლება, ნეიტრალურია. პორტუგალიაში  - კიდევ უფრო ნეიტრალური. აღმოსავლეთ რეგიონში, როგორიცაა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს გამომდინარე იქედან, რომ მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსულ აგრესია, რუსული საფრთხეები და სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ და ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განუცხადა Europetime-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარმა.  ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე 16 ივნისი. ემანუელ მაკრონის შეფასება „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. კონკრეტულად რა პირობებზე მიუთითებს ევროკომისია, Europetime ჩამონათვალს გთავაზობთ. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ანგარიშვალდებულების გაძლიერება, აგრეთვე, მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ყველა ხარვეზის გადაჭრა, რომელიც გამოვლენილია OSCE/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ; გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება და განხორციელება და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე იქნება დაფუძნებული; უზრუნველყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძობელი  სასამართლო სისტემა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;   ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით; გააძლიეროს სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;   „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;   უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს;   ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტების, მედიის სფეროში მომუშავე სხვა პირების უსაფრთხოებისადმი საფრთხის შემთხვევაში;   სასწრაფოდ უნდა იყოს დაცული მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. უფრო ეფექტიანად მისცემს პასუხისგებაში მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის წამქეზებლებს;   გაერთიანდეს ძალისხმევა განსაკუთრებით გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;   ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები;   ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. პროცესი იყოს გამჭვირვალე, ოფისის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა კი უზრუნველყოფილი;